წუხელ სიზმარში ისევ ჩემი ტკბილი და ჩემგან დავიწყებული
მეგობარი დამესიზმრა. არ მიყვარს სიტყვა დეპრესიის ან სხვა ტრავიალური ტერმინების
გამოყენება, მაგრამ ამ სიტყვების უფრო რბილი სინონიმი ჩემს ლექსიკონში ვერ აღმოვაჩინე.
ბრუკლინის დილა თავისი უჰაერობით და ნესტიანი ჰაერით
მახრჩობს და ვგრძნობ როგორ ვვარდები დეპრესიის ღრმა ორმოში. არა და დილით მშობლებს
კარებს ვუღებ და პატარა ანგელოზებს გულში ვიკრავ. თან ვიღიმები ოღონდ მხოლოდ გარეგნულად.
გუშინ საღამოს ერთმა კეთილმა შუააზიელმა ემიგრანტმა
ისეთი რამ მითხრა, გული გამებზარა.
მითხრა, თქვენს პრეზიდენტს ვიცნობ, კოლუმბიის უნივერსიტეტში
ლექციებს მიკითხავდა და გულწრფელად მშურს, რომ საქართველოში ყველაფერი ისეა როგორც ევროპაშიო.
ბედნიერი ერი ხართო, ისიც მითხრა. აქ ამერიკაში უმეტესობა იმიტომ ხართ, რომ ყველა მოდის
აქეთ და თქვენც ყველას მოყვებითო.
არ ვიცოდი მწყენოდა თუ გამხარებოდა... მერე დიდხანს
ვიფიქრე და მივხვდი რომ ის კაცი სიმართლეს ამბობდა, ნაწილობრივ რათქმაუნდა. მაგრამ
პირადად მე ყოველ დილით ჩემს თავს ვუმტკიცებ რომ
სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ჩემი შვილი აქ უკეთეს განათლებას მიიღებს, უკეთეს
მომავალს შევუქმნი, უკეთეს კაცად გავზრდი. მინდა მართლა დავუჯერო ჩემს თავს, მაგრამ
ჩემი შვილი რომ დედიკო მიყვარხარს მაგივრად, “I lOVE YOU MOM” ამბობს, ვკვდები.
მერე ისევ ვცოცხლდები. მერე ისევ ვკვდები.
ჩვენს ბაღში ქართველი ემიგრანტი ბავშვები დადიან. მართლა
ყველაზე ლამაზები, ყველაზე ჭკვიანები და ყველაზე რთულები. მათი დამტვრეული ქართული
ისეთი თბილია, მე კი არა ყველა ცივსისხლიანს გაუთბობს გაყინულ გულს.
დიდი კაკლის მურაბის ფერი თვალებით მიყურებს პატარა გოგონა და ფიქრობს რას ვაკეთებ ამ კომპიუტერზე
ისეთს რომ არ ვეფერები. რა იცის რომ დეპრესია მაქვს და საერთოდ არაფრის კეთება არ მინდა.
არც ის იცის რომ მეცოდება ის პატარები, ვისაც ქართული მიწა თვალით არ უნახავთ და ბაღში
ყოველ დილით ამერიკის ჰიმნს უსმენენ.
გუშინ მინდოდა იმ კეთილი შუაზიელი ემიგრანტისთვის
მეთქვა, რომ შესაშური არაფერი გვჭირს. პირიქით საცოდავი ერი ვართ. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი
ევროპულია, მაგრამ მენტალიტეტი გვაქვს დამპალი. გვეზარება გაჭირვებულ მეგობარს დავურეკოთ,
რადგან ვიცით რომ დახმარება ჭირდება და არ გვინდა სხვისი გაჭირვება გავიზიაროთ. ქვეყნიდან
გავრბივართ, რომ იოლად ვიცხოვროთ და სიბერეში სხვა ქვეყნის მთავრობამ კარგად მოგვიაროს.
შვილებს სხვა ქვეყნის პატრიოტებად ვზრდით, რადგან მათაც იოლად შეძლონ ცხოვრება.
რაც მთავარია ამას ხმამაღლა არავის არასოდეს ვეტყვით.
ვიტყვით რომ ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ნიჭიერი და საერთოდ ყველაზე
ყველაზე ერი ვართ.
მართლა მრცხვენია, მტკივა რომ ამას ვამბობ და ვგრძნობ, მაგრამ მეც ასეთივე
ვარ, ან უფრო უარესიც.
No comments:
Post a Comment